გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმ პოლიტიკოსად აღარ მიიჩნევა, რომლის მიმართაც გერმანელები განსაკუთრებულ ნდობას გამოხატავენ. ამის შესახებ "შპიგელი" სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით იტყობინება. გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტ Fors-ის მიერ ჩატარდა.
რესპონდენტები პოლიტიკოსთა მიმართ ნდობის ხარისხს 0-დან (არანაირი ნდობა) 100-ის (მაღალი ხარისხის ნდობა) ჩათვლით მოცემული სპეციალური შკალით განსაზღვრავდნენ. უფრო ადრინდელი, დეკემბერში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, ანგელა მერკელმა ერთდროულად ოთხი პუნქტი დაკარგა და 55 პუნქტი მიიღო. მასზე უკეთესი ადგილი კი სოციალ-დემოკრატმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიიღო და 56 პუნქტი დაიმსახურა.
შტაინმაიერი მერკელის პირველ ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამჟამად კი იგი ბუნდესტაგის ოპოზიციური ფრაქციის წევრია.
შტაინმაიერი ის პოლიტიკოსი გახდა, რომელსაც გერმანის მოქალაქეები მეტად ენდობიან.
მერკელის მიმართ უნდობლობის მატებას სოციოლოგები ატომურ ენერგეტიკაში არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებით ხსნიან. თავდაპირველად კანცლერმა ატომური ელექტროსადგურისთვის მოქმედების ვადის გახანგრძლივების კანონი მიიღო, იაპონიაში მომხდარის შემდეგ კი მისი მორატორიუმი თავადვე დააწესა.
ასევე, კანცლერის მიმართ მოსახლეობის მხრიდან უნდობლობა ლიბიის ოპერაციაში მთავრობის ბუნდოვანმა პოზიციამ განაპირობა.