კობა სუბელიანს თუ ფიფიების ოჯახზე გული მართლაც შესტკივა, ახალა მაინც დააკმაყოფილოს ფართით, - ამის შესახებ დავითაიამ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სუბელინის მისამართით განაცხადა და ნანა ფიფიას დედის წერილი გადასცა.
"მინისტრს თუ გულზე მოხვდა ნანა ფიფიას მიერ თავის დაწვა და კარგი იქნება, თუ ასე გულთან ახლოს ბოლომდე მიიტანს ნანა ფიფიას ოჯახის საკითხსაც. ნანა ფიფიას მამა აფხაზებმა დახვრიტეს - ის სწორედ დაიღუპა სახელმწიფო მოხელეების გამო და თავად ნანა ფიფიამაც სახელმწიფო მოხელეების გამო დაიწვა თავი. ამიტომ, გულთან მართლა ახლოს მიიტანეთ ეს თემა და ამაზე ვაჭრობაც კი სირცხვილია", - აღნიშნა დავითაიამ.
მისივე შეფასებით, მინისტრები საკუთარ კომპეტენციებში ძალიან სუსტები არიან და ეს დებატებმაც ნათლად გამოაჩინა.
"დღეს, მინდა მხარი დაუჭირო ქრისტიან-დემოკრატებს, რომლებიც მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და შეუერთდე მათ მოთხოვნას", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
ამასთან, დავითაიამ პრემიერ-მინისტრისგან მოითხოვა ინფორმაცია მიაწოდოს რა ხდება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე.
ამას გარდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის ბიუროკრატიული სქემები, რომელიც ბევრ საკითხებში, მათ შორის გულის ქირურგიის პროგრამის დაფინანსებას აფერხებს.
"მაინტერესებს, როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი პირობას იძლევა, რომ სარწყავი სისტემები გაიმართება, რატომ არ არის ბიუჯეტში აღნიშნულთან დაკავშირებით თანხები", - აღნიშნა დავითაიამ და აქვე დაინტერესდა რიკოთის უღელტეხილის გვირაბის მშენებლობის საკითხით, რომლისთვისაც 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.