საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას მოუწოდებს რეალობიდან მოწყვეტილ ფაქტებზე დავის ნაცვლად შინაარსობრივ დებატებში ჩაერთონ. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პაველ კუბლაშვილმა განაცხადა.
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპონენტები გაცილებით მეტ დროს უთმობენ რეალობიდან მოწყვეტილ ფაქტებს, მაშინ როდესაც შეიძლება მართლა იდავონ იმ საკითხებზე, რომელზეც დავა შეიძლება მართლაც სტრატეგიული და მართებული იყოს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა დებატების დროს ქვეყნის მოდერნიზაციის სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა, თუმცა ოპოზიცია მაინც აცხადებს, რომ "ვერ გაიგო.. მის კითხვას არ უპასუხეს...".
"მოდით უფრო მეტი შინაარსზე ვიფიქროთ, რა დევს ამ გეგმაში და არა თქვენს პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე", - მიმართა კუბლაშვილმა ოპოზიციას.
ამასთან, დეპუტატი დასაქმების პრობლემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების გასაღებია მოსაძებნი და ეს უნდა მოხდეს ქვეყანაში მეტი პროდუქციის შექმნით, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის.
რაც შეეხება სასურსათო და ენერგოვაუჩერების დარიგების საკითხს, კუბლაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ აღნიშნულ საკითხზე ქილიკს თავი დაანებონ, რადგან დღეისთვის ქვეყანაში "ჯერ კიდევ არის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლისთვისაც ზამთრის პერიოდში ამ თუნდაც ერთჯერად დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა".
ამასთან, კუბლაშვილის თქმით, ქვეყანას არ სჭირდება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, რომელშიც მხოლოდ ცნობებს იძლევიან და ცოდნას არა.
"ასეთი სპეციალისტებით შორის ვერ წავალთ", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა.