„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ნიდერნალენდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელხ ონო ჰატიგა ვანსანტსა და საქართველოში ნიდერლანდების სრულუფლებიან ელჩს პიტერ ლენგენბერგს შეხვდნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, პარლამენტში მიმდინარე სამთავრობო დებატები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები განიხილეს.
სტუმრები წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თემითა და ამ პროცესში რვა ოპოზიციური პარტიი როლით დაინტერესდნენ.
„2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარება იქნება ერთგვარი ტესტი საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიულ ევოლუციურ განვითარებას ან გაჩნდება საშიშროება არსებული ხელისუფლების ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებისთვის და რევოლუციური ცვლილებებისთვის" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ
ონო ჰატიგა ვანსანტის თქმით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები კი ამ პროცესის წარმატების მთავარი წინაპირობა.
„ამიტომაც უაღრესად მნიშვნელოვანია ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდეს თამაშის საერთო წესებზე" - განაცხადა ონო ჰატიგა ვანსანტმა.