სამხედრო ოპერაციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩართვას არალეგიტიმურად მიიჩნევს ლიბიის ხელისუფლება.
მთავრობის პრესმდივნის თქმით, ნატოსთვის მეთურობის გადაბარებას გაეროს უშიშროების რეზოლუცია არ ითვალისწინებდა. კოალიციის საჰაერო იერიშების შედეგად კი არა მხოლოდ კადაფის პოზიციები იბომბება, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებიც იღუპებიან.
ლიბიის მთავრობის პრესმდივანი მუსა იბრაჰიმი აცხადებს, რომ ნატო მშვიდობიანი მოქალაქეების გასანადგურებლად ემზადება.
"ეს ყოვლად დაუშვებელია. ოპერაციაში ალიანსის ჩართვაზე არც გაეროს უშიშროების რეზოლუციაშია რაიმე ნათქვამი, მაგრამ მათ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს. უკიდურესად დაიძაბა ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთითაც. ამბოხებულები თავს ესხმიან ქალაქებს, არმიას, კლავენ ადამიანებს და მათი შემჩერებელი არავინაა",_აღნიშნა მუსა იბრაჰიმმა.
კადაფის მომხრეებს ამბოხებულები აღმოსავლეთიდან უტევენ, დასავლური კოალიცია კი დედაქალაქს ბომბავს. სახელისუფლო ძალები პოზიციას წინააღმდეგობის გაწევის გარეშე თმობენ და იარაღს ყრიან. კადაფის ძალები მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც აშშ ლიბიას სამხედრო ძალების შემცირებას იწყებს.