მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ეს დღე დიდმარხვის მესამე კვირიაკეს აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ დღეს წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
ჯვრის თაყვანისცემის დღე მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.
უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას ჯვრის ძალასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან სრულიად საქართველო დალოცა და ისურვა, ჯვრის ძალამ ქვეყანა გაამთლიანოს.
დღესვე პატრიარქმა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დალოცა და რამდენიმე მღვდელი გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ქადაგების დასასრულს, ილია მეორემ ნერგები აკურთხა, რომელსაც ბავშვები საკუთარ სკოლებში დარგავენ.
ილია მეორე დღეს წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარშიც მიბრძანდა და მრევლი დალოცა. ტაძართან შეკრებილებს სტიქაროსნებმა 100 000 წმინდა მოწამის, წმინდა გიორგისა და წმინდა სამების ხატები გადასცეს. უწმინდესმა ასევე წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი (ყიფშიძე) მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.