ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ვენაში, ეუთო-ს ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციაში ავსტრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და თავად ავსტრიელები მონაწილეობდნენ.
"მიტინგის მონაწილეები ერთსულოვანი ტაშითა და ემოციებით შეხვდნენ საპროტესტო აქციის მთავარ მოთხოვნას _ საქართველოში სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული დიქტატურის დასრულებასა და მიხეილ სააკაშვილის გადადგომას", - განმარტა ნესტან კირთაძემ.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ "გარე საქართველომ გაიღვიძა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის შიგნით და გარეთ ერთსულოვნად და ღირსეულად დაასრულებს მრავალ წლიან ბრძოლას თავისუფლებისათვის, სოციალური სამართლიანობისათვის, ბრძოლას შიშისა და ძალადობის წინააღმდეგ.
ამასთან, პარტიის საერთაშორისო მდივნის განმარტებით, აქციის დასასრულს, ეუთოს გენერალურ მდივანს ხელისუფლების შეცვლისა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით სპეციალური მიმართვა გადაეცა, რაშიც კირთაძის აზრით, ამ ორგანიზაციამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტიპის აქციები ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით ვაშინგტნონში - თეთრსახლთან, ათენში - სინდანგმას მოედანზე, ბერლინში - ცენტრალურ მოედანზე, სტრასბურგი - ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს წინ და სხვა ადგილებში გაიმართა.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სამშობლოში ხვალ, 27 მარტს დაბრუნდება.