არაბეთის ტელევიზია კადაფის ვაჟის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას კვლავაც ავრცელებს. ჰამის კადაფი, ლიბიის მმართველის მეშვიდე ვაჟი ტრიპოლზე კოალიციური ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ალ-არაბია" ავრცელებს.
32 წლის ჰამის კადაფი ამ დრომდე არმიის ელიტურ ბრიგადას მეთაურობდა, რომელიც ოპოზიციის დანაყოფების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს აწარმოებდა. პოლკოვნიკი ტრიპოლში ბაბ ელ-აზიზიეს რაიონში მდებარე კარგად გამაგრებულ რეზიდენციაში იმყოფებოდა.
კადაფის ვაჟის დაღუპვის შესახებ ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ კადაფის შვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პირველად არ ვრცელდება. გასულ კვირას ჟურნალისტებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ კადაფის ვაჟი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ ეს ცნობა არ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციური ძალების მიერ ლიბიის დაბომბვას 100 ადამიანი შეეწირა.
შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან ლიბიაში მასობრივი ანტისახელმწიფო გამოსვლები მიმდინარეობს. დემონსტრანტები მუამარ კადაფის გადადგომას მოითხოვენ.