იაპონიის მაფია "იაკუძა" მიწისძვრით დაზარალებულებს აქტიურად ეხმარება. ტოკიოსა და კობეს პრეფექტურებიდან ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კოლონები გაემართა.
იაპონელები საკვებს, სასმელს, პლედებს, ჰიგიენის საშუალებებს ღებულობენ, რომლებიც "იაკუძას" წარმომადგენლების მიერ იყო შესყიდული. ეს ტვირთი ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში გაგზავნეს, რომელიც მიწისძვრისა და ცუნამის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.
მთლიანობაში, "იაკუძამ" ჰუმანიტარული ტვირთის სახით 70 სატვირთო მანქანა გაგზავნა, რომლის ღირებულებაც 500 ათასი დოლარია," - აცხადებს ტოკიოში მცხოვრები ექსპერტი, რომელმაც იაპონიის ამ დანაშაულებრივ სინდიკატს არაერთი წიგნი მიუძღვნა.
აღსანიშნავია, რომ "იაკუძას" შემოსავლების ტრადიციული წყაროა გამოძალვა, აზარტული თამაშები, პორნოგრაფია და პროსტიტუცია. ამასთან, იაპონური მაფია ტატუირებითაა განთქმული. კერძოდ, განგსტერებს თითქმის მთელი სხეული სვირინგებით აქვთ დაფარული. თუმცა, საერთო ნაციონალური კატასტროფის დროს "იაკუძამ" სახელმწიფო მაშველთა სამსახურს სერიოზული კონკურენცია გაუწია. ბევრ რეგიონში, სადაც ჩინოვნიკებმა ათობით ათასი დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოასწრეს, ნგრევის ადგილას პირველები "იაკუძას" წევრები გაჩნდნენ.
შეგახსენებთ, 1995 წელს "იაკუძას" წევრებმა კობეში მომხდარი მიწისძვრის შემდეგაც მიიღეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა. იმ დროსაც მათ უფრო ეფექტურად და დროულად იმოქმედეს, ვიდრე ჩინოვნიკებმა.