თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაკავებულ 7 პირიდან 3-ს ადმინისტრაციული პატიმრობა, დანარჩენ 4-ს კი ჯარიმა დააკისრა.
400 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს მსახიობ გია ბურჯანაძესაც, რომელიც დაკავებულთა შორის ერთ-ერთი იყო. 20 დღე საპატიმროში გაატარებს მოძრაობა "არა"-ს სამი წევრი, მათ შორის მოძრაობის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გია ბურჯანაძის ადვოკატმა ზურაბ დიასამიძემ განუცხადა, დაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის დარღვევა - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ბრალდებოდათ.
"მათი დაკავება არ იყო სამართლიანი. პოლიციამ შვიდივე მათგანს პირდაპირ დასტაცა ხელი და სამმართველოში წაიყვანა. არც სასამართლო იყო ობიექტური, რადგან დაცვის მხარემ ვიდეომასალის ჩვენების შუამდგომლობა დააყენა, სადაც დაფიქსირებული იყო დაკავებულთა ქმედებები, თუმცა მოსამართლემ ვიდეომასალის მიღებაზე უარი განაცხადა. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო არ იყო მოწოდებული სიმართლე დაედგინა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 7 პირი გუშინ, ხათუნა კალმახელიძის უწყებასთან მიმდინარე აქციის დროს დააკავა.