"მათ, ვისაც თვალი უჭირავთ ღალატზე და ვისთვისაც სამშობლო არაფერს ნიშნავს - არაფერი გამოუვათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შს სამინისტროს ოფიცრების ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოების ცერემონიალზე.
"ჩვენ დიდ ბრძოლაში ვიმყოფებით. არა მარტო ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც არიან ცალკეული ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთებს, შესაძლოა, პოლიტიკოსობაზედაც ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ იმდენად არ აქვთ ხალხის მხარდაჭერის იმედი, რომ ერთი სული აქვთ, თბილისში უცხო ქვეყნის ჯარი შემოვიდეს, რათა მისი მეშვეობით მაინც დაიკავონ თანამდებობები და შეიქმნან უკეთესი ცხოვრება. ამ ხალხს არაფერი გამოუვა, ისევე როგორც მათ, ვისაც თვალი უჭირავთ ღალატზე და ვისთვისაც სამშობლო არაფერს არ ნიშნავს", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა - "ჯერ ერთი, ქართველი ხალხი ამას არასდროს არ მიიღებს - საქართველოს ჰყავს ეფექტიანი მთავრობა და, ამ შემთხვევაში, ეს არის მთავარი - ეფექტიანი უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სტრუქტურები, რომლებმაც მაღალ დონეზე ისწავლეს დანაშაულის გახსნა. ამ ადამიანებმა ქვეყანა მისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ადგილად გადააქციეს".
"მათ ასევე საკადრისი პასუხის გაცემა ისწავლეს ნებისმიერი უცხო აგრესიული ელემენტისა და მათი ადგილობრივი დამქაშებისთვის", _ განაცხადა სააკაშვილმა.