"ამიერიდან შენობა-ნაგებობების კაპიტალური გამაგრებისთვის ამხანაგობების გადახდის წილი 40 პროცენტი იქნება", _ აცხადებს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ხვიჩა სანაია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, მერიიდან საკრებულოში მნიშვნელოვანი ინიციატივა შევიდა, რაც ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობისთვის ხელშეწყობის პროგრამის განვითარებას ეხება.
კერძოდ, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 11 სახეობიდან შესასრულებელი სამუშაო გაიზარდა 14 სახეობამდე. ამიერიდან ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრისა და სადარბაზოს კარების აღდგენის შემთხვევაში, 30%-ს იხდის მოსახლეობა, 70%-ს კი მერია დააფინანსებს.
რაც შეეხება პანელოვან შენობებს (მრავალსართულიან კორპუსებს, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით), სართულშუა რეაბილიტაციის შემთხვევაში მოსახლეობა 30%-ს დააფინანსებს, დანარჩენს _ მერია.
საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენის შემთხვევაში, მოსახლეობა 50%-ს გადაიხდის, სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების შემთხვევაში კი _ 10%-ს, შენობის კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში _ 40%-ს.