თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა ზაზა გაბუნიამ ზაალ სამადაშვილს და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს საზოგადოებისადმი სოლიდარული დამოკიდებულებისაკენ მოუწდა. ერთიან კომუნალურ ქვითრებთან დაკავშირებით გაბუნიას გაკეთებულ განცხადებას, რომ ერთიანი ადმინისტრირება მანამ შეჩერებულიყო სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ქრისტიან-დემოკრატების სარჩელის განხილვას დაიწყებდა, უმრავლესობა არ დაეთანხმა.
"თქვენ ხართ სახელისუფლო ჯგუფი, რომელიც ჩვენ როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს მუდმივად გვიმტკიცებს, რომ ისევე ხართ მოწოდებული ხალხის პრობლემების გადასაჭრელად, როგორც ოპოზიცია. მაშინ გთხოვთ ეს ვირტუალური მზადყოფნა კონკრეტული საქმით დაამტკიცოთ და შემოუერთდეთ ჩვენს განცხადებას ერთიანი ქვითრის მოქმედების შეჩერების შესახებ", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომუნალური ტარიფების ერთიანი ქვითრით ადმინისტრირების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2010 წლის ნოემბერში მიიღო, რომლის თანახმად მოქალაქე ვალდებულია წყლის, დასუფთავებისა და ენერგომომარაგების მოსაკრებელი ერთიანი ქვითრით გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეუჩერდება.