"ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მადლობა გადაუხადა.
"მინდა გავამახვილო საზოგადოების ყურადღება იმ საკითხზე, სადაც ჩვენ ვართ მოკავშირეები, იმიტომ, რომ არის ასეთი ფორმულა - ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მოყვარე და მოკავშირე", - მიმართა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს ლალიაშვილმა განათლების მინისტრს.
დეპუტატის თქმით, შაშკინი არის მტერი იმ ადამიანებისა, რომლებიც უპირისპირდებიან მას და მის მეგობრებს, ქვეყნის ინტერესებს.
"ადამიანები, რომლებიც გიპირისპირდებიან, ასევე ღიად უპირისპირდებიან საქართველოს პატრიარქს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც გააღიზიანეთ ეს ხალხი, თავისუფლების ინსტიტუტი, თეა თუთბერიძე მყავს მხედველობაში და ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებშიც არიან ჩაბუდებულები და წარმოადგენენ ანტიეკლესიურ ლობისტებს. მადლობა მინდა გითხრთ იმ ადამიანების სახელებით, რომლებიც აღფრთოვანეთ, მას შემდეგ, რაც თქვენ მიეცით აკრედიტაცია საპატრიარქოს უნივერსიტეტს და ამით გააღიზიანეთ ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მტრები", - მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შაშკინს.
"ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ინიციატივით გამოვიდა, რომ საკლასო ოთახებში ჯვარცმა დაიკიდოს და სკოლებში მართლმადიდებლური კულტურის შესწავლა დაიწყოს, რომელიც "ქართველ ბავშვს ქართველად აყალიბებს".