ბოლო 4 თვის განმავლობაში სამსახურიდან 30-ზე მეტი მანდატური გაათავისუფლეს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი რიგ შემთხვევაში იყო, რომ ისინი სამსახურში ნაბახუსევი მივიდნენ.
"მანდატურები არავის სჯიან და არც ახალისებენ. ჩვენი ამოცანაა შინა განაწესის კონტროლი. მანდატურები ექვემდებარებიან განათლების მინისტრს და მათი მხრიდან ნებისმიერი უფლებამოსილების გადაჭარბება ჩემთვის არის პირადი პრობლემა და ტრაგედია. ბოლო 4 თვის განმავლობაში 30-ზე მეტი მანდატური გათავისუფლდა სამსახურიდან და მათ შორის რამდენიმე მხოლოდ იმის გამო, რომ "პახმელიაზე" მოვიდა სკოლაში", - განაცხადა შაშკინმა და განმარტა, რომ მანდატურებს იარაღის ტარების უფლება არ აქვთ და მათ მხოლოდ რაცია და მეტალოდეტექტორები ურიგდებათ.
მინისტრის ინფორმაციით, უსაფრთხო სკოლის სისტემის დანერგვით სკოლებში ძალადობა 85 %-ით შემცირდა, გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრება კი 90 %-ით გამოსწორდა.