უსაფრთხო სკოლა არ ნიშნავს, რომ გაუნათლებელი მანდატური სკოლის დირექტორად ინიშნებოდეს. ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოხსენების შემდეგ დებატების დროს განაცხადა.
"უსაფრთხო სკოლა კარგია და მანდატურებიც უნდა იყვნენ შესულები სკოლაში, თუმცა ჩარჩოებში და არ უნდა ერეოდეს გაუნათლებელი მანდატური სასწავლო პროცესში და ის არ უნდა ინიშნებოდეს სკოლის დირექტორად, მითუმეტეს 25 წლის ასაკის ადამიანის სკოლის დირექტორად დანიშვნა დანაშაულია", - მიმართა ბაღათურიამ განათლების მინისტრს.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, არ შეიძლება მანდატურ პედაგოგზე მეტი ხელფასი ჰქონდეს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს მათი ხელფასების შემცირების ხარჯზე.
"ჩვენ გთავაზობთ ჩვენს კანონპროექტს, რომელის მიხედვითაც პედაგოგის საბაზისო ხელფასი 500 ლარი იქნება", - აღნიშნა ბაღათურიამ და აქვე მინისტრს სთხოვა, რომ საინგილოში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის სიახლოვეს მცხოვრებ სტუდენტებისთვის სწავლება იყოს უფასო.