დღეს, 25 მარტს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარის მონაწილეები ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვარს დაათვალიერებენ.
ოფიციალური პროგრამის მიხედვით, სემინარის მონაწილეები ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობიან.
ამასთან, სტუმრები წეროვანში გაემგზავრებიან და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასაც მოინახულებენ.
დღესვე ისინი მცხეთასაც ეწვევიან და ჯვრისა და სვეტიცხოვლის ტაძრებს დაათვალიერებენ.
საქართველოში ვიზიტის ბოლოს, სემინარის მონაწილეები თბილისის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან, ასევე საბჭოთა ოკუპაციისა და ხელოვნების მუზეუმს ესტუმრებიან.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი თბილისში 23 მარტს გაიხსნა და 25 მარტს დაიხურება.