ოსი სეპარატისტები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ადგილის შეცვლას, კერძოდ მისი სოფელ ერგნეთიდან სოფელ დვანში გადატანას მოითხოვენ. ამის მიზეზად ისინი სოფელ ერგნეთის სკოლაში "ნატოს კუთხის" გახსნას ასახელებენ.
"რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით სოფელ ერგნეთში თავისი თავხედობითა და ბრიყვულობით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - ნატოს კუთხე გახსნეს", _ ნათქვამია პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკიხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის ბორის ჩოჩიევის მიერ საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის, ჰანს იორგ ჰაბერისათვის გაგზავნილ წერილში და იქვე აღნიშნულია რომ "ნატოს კუთხეს" ცენტრის ხელმძღვანელმა თენგო გოგოტიშვილმა "ნატოს ზონა" უწოდა.
ჩოჩიევის თქმით, მართალია "მეზობელი სახელმწიფოს" ხელმძღვანელობას ყველანაირი უფლება აქვს თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ზონა თუ ოფისი გახსნას, მაგრამ "გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ხდება სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ 200 მეტრის დაშორებით მდებარე საზღვრისპირა სოფელში, რომელიც არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ადგილი".
"ოსური მხარე მიიჩნევს, რომ ერგნეთში ამ შეხვედრების ჩატარება შეუძლებელია, ვინაიდან იგი "ნატოს ზონაა". შეხვედრების გაგრძელება შეიძლება სოფელ დვანში, რომელიც ჯერ არ არის "ნატოს ზონა", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.