სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ ქართველი დევნილები, რომლებსაც აფხაზეთში დაბრუნება შეეძლოთ, უკვე დაბრუნდნენ და ცხოვრობენ კიდეც გალის რაიონში. ეს განცხადება ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან ანტი ტურუნენთან შეხვედრისას გააკეთა.
"ხოლო ის სულ სხვა საქმეა, სურს თუ არა საერთაშორისო საზოგადოებას შეაფასოს და დარწმუნდეს დაბრუნებული ადამიანების რაოდენობაში", _ განაცხადა ანქვაბმა და დასძინა, რომ რაც შეეხება მათ საკუთრების უფლებას, იგი არავის შეულახავს და გალელები თავიანთი საკუთრებით აფხაზეთის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით სარგებლობენ.
"რაც შეეხება უცხოელების საკუთრებას, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ აფხაზეთში და აქვთ იურიდიული უფლება, პრეტენზიები წამოგვიყენონ ამ საკითხთან მიმართებაში, ამ საკითხებს საერთაშორისო სამართლის ნორმები არეგულირებს", _ განაცხადა ანქვაბმა და დასძინა, რომ აფხაზური მხარე მიტოვებულ საკუთრებაზე პასუხს ვერ აგებს.
"ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ მიტოვებულ საკუთრებაზე. ჩვენს სამოქალაქო კოდექსში არსებობს შესაბამისი ნორმები, რომლებიც სამართლებრივ ურთიერთობებს ამ შემთხვევაში არეგულირებენ და სწორედ მათ შესაბამისად ვიმოქმედებთ", _ განაცხადა ანქვაბმა.