ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის გალში მიმდინარე შეხვედრები, შესაძლოა, თავმჯდომარის გარეშე დარჩეს. შეხვედრებს ამჟამად გაერო ხელმძღვანელობს, სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ გაეროს ნაცვლად აღნიშნული შეხვედრების თავმჯდომარის რანგში ევროკავშირის წარმომადგებლების ხილვა არ სურთ. ამის შესახებ არის საუბარი გამოცემა "ეხო კავკაზის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ანტი ტურუნენი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიას, ბაღაფშის ე.წ. მრჩეველს საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ვიაჩესლავ ჩირიკბას და ე.წ. ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა გალის შეხვედრებზე გაეროს თავმჯდომარეობის შესაძლო შეწყვეტა გახდა.
"შესაძლოა ანტი ტურუნენის მისია აფხაზეთში უახლოეს მომავალში დასრულდეს. ამის ფორმალურ მიზეზად შეიძლება დაფინანსების შეწყვეტა დასახელდეს. აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შესაძლოა მოლაპარაკეთა პროცესის პოლიტიკურ მსვლელობაზე გავლენა მოახდინოს. საქმე იმაშია, რომ თავად სეპარატისტების შეფასებით გაერო - შეხვედრების ერთადერთი ნეიტრალური მონაწილეა", _ ნათქვამია სტატიაში.
ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ სოხუმი არ არის მზად გალის პროცესის თავმჯდომარედ ევროკავშირი იხილოს. "ანტი ტურუნენი - მოლაპარაკებათა პროცესის ერთადერთი ნეიტრალური მონაწილეა. იგი მედიატორის როლში გამოდის. გალის შეხვედრებზე გაერო, რომ არ იყოს ჩვენ არ ვართ მზად ამ დისკუსიების თავმჯდომარის როლში ევროკავშირის წარმომადგენელი ვიხილოთ", _ აცხადებს ვიაჩესლავ ჩირიკბა.
ამ თანამდებობაზე ანტი ტურუნენი უკვე ორი წელია მუშაობს. ფინელი დიპლომატი კარგად იცნობს აფხაზეთსა და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას. ჩირიკბა აცხადებს, რომ ტურუნენთან კარგი, ადამიანური ურთიერთობები ჩამოყალიბდა. "გაეროს საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტში კარგი გამოცდილება აქვს და ნებისმიერი პრობლემის განხილვისას ეს იგრძნობა. მიმაჩნია, რომ ანტი ტურუნენს უმაღლეს დონეზე მიჰყავს გალის შეხვედრები. იმედს ვიტოვებთ, რომ ის თანამდებობაზე დარჩება",_ აცხადებს ჩირიკბა.