რუსეთის დუმამ რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის, უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.
"აფხაზეთთან ამ ხელშეკრულებას ხელი 2009 წლის 2 ოქტომბერს მოეწერა. სამხრეთ ოსეთთან კი 2010 წლის 1 თებერვალს", _ იუწყება რუსული მედია.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს 90 დღის ვადაში საზღვრის გადაკვეთას, როგორც შიდა და საზღვარგარეთის პასპორტებით, ისე შიდა დოკუმენტებით. რუსეთთან მიმართებაში ასეთი დოკუმენტებია: რუსეთის მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის პასპორტი (მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა), რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოწმობა, 14 წლამდე ბავშვებისთვის კი - დაბადების მოწმობა რუსეთის მოქალაქეონის მითითებით.
ორივე შეთანხმებით, გათვალისწინებულია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების ყოფნის განსაკუთრებული რეჟიმი. სამხედრო მოსამსახურეები - რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამსახურისათვის კონტრაქტით მიემგზავრებიან, ასევე მათი ოჯახის წევრები, სამხედრო სამსახურის მოხდის მთელი ვადის განმავლობაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე იმყოფებიან სამსახურებრივი პასპორტის საფუძველზე - ვიზების გარეშე. ხოლო წვევამდელები კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის საფუძველზე და სამხედრო ბილეთის საფუძველზე.