ქართულ ღვინოების ეტიკეტზე "სამტრესტის" სპეციალური ჰოლოგრამა "მოწონებულია" უქმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში, რომელიც დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ჭოლაძემ განმარტა, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ჰოლოგრამების გამოყენების პროცესში უარყოფითი ტენდენციები გამოიკვეთა, რომელიც ნეგატიურად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე.
კერძოდ კი, ჰოლოგრამის შემოღებამ განაპირობა არაჰოლოგრამიანი, მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის რეალიზების შეფერხება, რამაც რეალური პრობლემა შეუქმნა ღვინის ექსპორტს.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონიდან 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის ამოღება მოხდება, რის საფუძველზეც გაუქმდება "სამტრესტთან" შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს დადებითად შეფასებისას პროდუქციის ეტიკეტზე "სამტრესტის" მიერ სპეციალური ჰოლოგრამა აღნიშვნით "მოწონებულია" დატანების ვალდებულება.