"ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგმა" მიმდინარე წლის მარტის თვეში განახორციელა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმოებული ბენზინისა (რეგულარი) და დიზელის (ლ-62) საწვავის ხარისხობრივი შემოწმება. შემოწმება განხორციელდა ძირითადად საქართველოს რეგიონებში, ვინაიდან საზოგადოებისათვის განსაკუთრებით აქტუალურია, თუ რამდენად ხარისხიანი საწვავის რეალიზაცია ხდება რეგიონებში.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორივე პროდუქტი შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. რეგულარის 91 ტიპის ბენზინის საწვავში ოქტანური რიცხვი, რომელიც საწვავის ერთ-ერთი მთავარი ფიზიკური მახასიათებელია, საკმაოდ მაღალია და რეალურად შეადგენს 93-93.5 ერთეულს.
მონიტორინგის დროს განსაკუთრებით ხაზგასმული იყო დიზელის საწვავში წყლის შემცველობის განსაზღვრა, რადგან დიზელის საწვავში წყლის არსებობა იწვევს ავტომობილის მნიშვნელოვან პრობლემებს. შესაბამისად, ევროპაში ევრო სტანდარტების თანახმად, მუდმივად ხორციელდება დიზელის საწვავში წყლის შემცველობის განსაზღვრა.