აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს მძიმე დრო დაუდგა - კრემლი მისგან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლასა და ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრის დათმობას მოითხოვს. მოსკოვის მოთხოვნის მიხედვით გაგრის რაიონი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უნდა იყოს, სეპარატისტები კი აფხაზეთის დარჩენილი ტერიტორიით უნდა დაკმაყოფილდნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სეპარატისტული ხელისუფლების მიერ მოსკოვთან მიმართებაში გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობს და მომავლის სავარაუდო მონახაზს აკეთებს - რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ბაღაფში ამგვარ დათმობაზე წავა. აფხაზი ჟურნალისტის განცხადებით, მოსკოვის სურვილის დაკმაყოფილება აფხაზეთის გარდაცვალების ტოლფასი იქნება.
"როგორც ჩანს, სერგეი ბაღაფშს თავის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე მთავარი გამოცდა ელოდება. ამ გამოცდასთან შედარებით, დრამატული მოვლენები, რომლებიც 2004 წელს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით მოხდა, რომელთა შედეგადაც სერგეი ბაღაფში ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მხოლოდ ყვავილებად გამოჩნდეს. ახალი გამოცდა პირდაპირაა დაკავშირებული აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის დემარკაციის საკითხზე. ამჟამად მოლარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელთა მონაწილეები კომენტარებისა და განცხადებებისგან თავს იკავებენ, თუმცა როგორც ჩანს ეს პერიოდიც მალე დასასრულს მიუახლოვდება.
ეს პასუხისმგებლობის საკმაოდ მძიმე ტვირთია - ინფორმაციის გარეშე ამყოფო საკმაოდ პოლიტიზირებული აფხაზური საზოგადოება. ტვირთი კი მართლაც მძიმეა. აფხაზური პარლამენტიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რუსული ხედვა იმისა, თუ სად უნდა გადიოდეს საზღვარი - ინფარქტულ-ლეტალურია სოხუმისათვის. მოსკოვი სთავაზობს ან მოითხოვს (ვის როგორ მოსწონს) მისცენ მას აფხაზური ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრი, ანუ გაგრის რაიონის პრაქტიკულად მთელი სამხრეთ-დასავლეთი.
რაში დასჭირდა მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას, იაპონიასთან კურილიის კუნძულების გამო კვლავ ამოტივტივებული პრობლემის ფონზე კიდევ ერთი ტერიტორიული ნაღმი? კითხვა რიტორიკულია, თავად რუსებისთვისაც კი, მაგრამ პატარა აფხაზეთისათვის, მისი მასშტაბებით ამდენად დიდი ტერიტორიის დაკარგვა - კატასტროფის ტოლფასია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი სულაც არ არის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარება - აზრი იმთავითვე ცხადი და გასაგებია ყველა წინააღმდეგი იქნება. ამ მიწისთვის ხომ ჯერ კიდევ სულ ახლახანს (1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს) ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა, იმისათვის, რომ აი ასე უბრალოდ უარი ითქვას მასზე, თუნდაც მსოფლიოში ერთადერთი, აფხაზეთის რეალური პარტნიორის სასარგებლოდ.
ამის მიუხედავად, იგი ამ საკითხის ინიცირებას ახდენს, ალბათ იმედი აქვს, რომ აფხაზეთის ხელისუფლება გაგებით მოეკიდება ამ საკითხს.
ოფიციალური სოხუმი ხომ გაცილებით უფრო დამყოლია, დამთმობია და რაც ყველაზე მთავარია მადლიერია, ვიდრე ისინი, ვისაც ეს ხელისუფლება წარმოადგენს. რაღაც გარკვეული დაკვირვების გამოცდილება კრემლს ამასთან მიმართებაში უკვე აქვს და სოხუმისათვის ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებით, რუსეთი რეალურად ალბათ იმედოვნებს 160 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის მთლიანად თუ არა ამ მიწის ნახევრის მიღებას მაინც.
აგუმენტები კი რომელთა გამოც ტერიტორიული დათმობებზე წასვლა შეიძლება საკმარისია და დარწმუნებული ვარ დამოუკიდებლობის აღიარების შეხსენება მოლაპარაკებათა მაგიდასთან მთავარი ბერკეტი როდია. ზეწოლის ძირითადი ბერკეტი - მატერიალურია.
ფინანსურმა წვიმამ, რომელმაც აფხაზეთს აწვიმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაინც ვერ შეძლო აფხაზეთის ეკონომიკის ფეხზე დაყენება, თუმცა უწესობამდე გაამდიდრა ადგილობრივი ბიუროკრატია.
ის, რომ მოსკოვი შესაშური გულმოდგინებით აკვირდება, თუ როგორ ილექება რუსი გადამხდელის მიერ გადახდილი თანხა აფხაზი ჩინოვნიკების ჯიბეებში, ის რომ რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა სერგეი სტეპაშინმა რუსული ფინანსური დახმარების ხარჯვის შემოწმებისას 347 მილიონი რუბლის დანაკლისი აღმოაჩინა და ამას არა ქურდობა არამედ უცნაური ტერმინი "გაძვირებულობა" უწოდა არ უნდა იქნეს აღთქმული როგორც დიდსულოვნება და მით უფრო დახმარების გამღები ხელის სისუსტე.
კრემლის ტრადიციებში არ შედის წვრილმანებზე ჩაციკვლა, მით უფრო, როდესაც წინასწარ იცი, რომ ეს "გაძვირებულობა" წინასწარ იყო გათვლილი და განსაზღვრული. და ამას "აფხაზ ჩინოვნიკებში ინვესტირება" ეწოდება.
უნდა ითქვას, რომ ძალიან მომგებიანი ბიზნესია. დებ ერთ მანეთს და იღებ ასს. გასულ წელს, ხელისუფლების მთელი რიტორიკა მიმართული იყო ხალხის "სწორ რელსებზე" დაყენებაზე, რომელიც "რუსეთის სიყვარულამდე" მიდიოდა (ამასთან ერთად სამშობლოზე არ იყო ნათქვამი არც ერთი სიტყვა). ეს მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ხარჯვის ამგვარი ნაწილი და რატომაც არ უნდა ამოქმედდეს იგი ახლა?
თუმცა, თუ რუსეთისათვის პირობით 1 რუბლად სამი ელიტარული რეზიდენციის გადაცემის - ყოფილი ლიდერების სახელმწიფო აგარაკების - ხრუშჩოვის, გორბაჩოვისა და ბერიას ან მაგალითად, სახელმწიფო კორპორაცია "როსნეფტისათვის" აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიებისა და მოპოვების ექსკლუზიური უფლების გადაცემისას აფხაზეთის ხელმძღვანელობა კიდევ პოულობდა არგუმენტებს საზოგადოების თვალში თავიანთი მოქმედებების გასამართლებლად - "ეს აგარაკები არასოდეს ყოფილა ჩვენი", "თუ ნავთობს არ მოვიპოვებთ მას სხვა ამოქაჩავს" და "საერთოდაც უნდა იცოდე რომ უნდა იყო მადლობელი" - ახლა შესაბამისი გამამართლებელი ახსნა-განმარტების მოძებნა საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით და ახსნა იმისა თუ რატომ უნდა მივცეთ ჩვენ ჩვენი მიწის უზარმაზარი ნაწილი რუსეთს - შეუძლებელია.
ამასთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კრემლისათვის ტერიტორიული პრეტენზიები - პრინციპული საკითხია, მაშინ სერგეი ბაღაფშს ნებისმიერ შემთხვევაში კარგი დღე არ ელოდება. მიწა, რომ არ დაუთმოს მაშინ პასუხად რუსული ფინანსური დახმარება აფხაზეთის მიმართ საგრძნობლად შესუსტდება. თან იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი 70 % რუსეთის დოტაციით ივსება ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციამდე და ხელისუფლების შეცვლამდე მივა. დაუთმობენ მიწას - მაინც დესტაბილიზაცია და ვადამდელი გადადგომა იქნება.
მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ კრემლში ვიღაცამ ხუმრობა გადაწყვიტა...