სომხურმა კომპანია „Jermuk International"-მა სს „იბერია რეფრეშმენტსის" წილის შესყიდვა ოფიციალურად უარყო. ამასთან დაკავშირებით სომხურმა კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მედიის მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ დაადასტურა.
როგორც დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „Jermuk International" ადასტურებს, რომ არც კომპანიას და არც მის დამფუძნებელს არ შეუძენია ქართული სს „იბერია რეფრეშმენტს"-ის წილი და სანამ სომხეთის ტერიტორიაზე არ ექნება პეპსის მწარმოებელი საკუთარი ქარხანა, სს „იბერია რეფრეშმენტსის" ექსკლუზიურ დისტრიბუტორად დარჩება, რასაც 2004 წლიდან ახორციელებს. განცხადებას ხელს „Jermuk International"-ის ფინანსური დირექტორი ვაჰან გალსტიანი აწერს (Vahagn Galstyan).
თავის მხრივ, ცოტა ხნით ადრე სომხური კომპანიისათვის წილის მიყიდვა ოფიციალურად სს „იბერია რეფრეშმენტს"-მაც უარყო. „სამწუხაროა, რომ ინფორმაცია გავიდა ისე, რომ არ მოხდა არც ერთი მედია საშუალების მიერ ჩვენს კომპანიასთან ფაქტების გადამოწმება. სს „იბერია რეფრეშემნტსი" აცხადებს რომ არანაირი მოლაპარაკება „ჯერმუკ ჯგუფთან" წილის გაყიდვაზე არ განხოციელებულა. ჯერმუკ ჯგუფი" არის კომპანიის პარტნიორი, რომელიც 2004 წლიდან დღემდე დისტრიბუციას უკეთებს საქართველოში ნაწარმოებ პეპსის პროდუქციას სომხეთის ტერიტორიაზე" - აცხადებენ სს „იბერია რეფრეშმენტსის" მენეჯმენტში.
სს "იბერია რეფრეშმენტის" აქციონერები არიან: „იბერია ჯგუფი", ახმედ აბდულა ალ შაფარი, „ელსუ" და ქართველი ფიზიკური პირები.