მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა დედაქალაქის საველოვსკის სასამართლოში საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით სარჩელი შეიტანა. იგი ინტერნეტგამოცემა LIfe News -გან 200 ათას რუბლს მოითხოვს.
საქმე ეხება 28 თებერვალს ამავე ინტერნეტგამოცემაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "ლუჟკოვი "მოსკოვის ბანკისთვის" 750 მილიონ რუბლს მოითხოვს". სტატიის თანახმად, ლუჟკოვი დარწმუნებული იყო, რომ იმ თანხის ნახევარი ეკუთვნოდა, რომელსაც "მოსკოვის ბანკის" პრეზიდენტი ანდრეი ბოროდინი ბანკის აქციების გაყიდვიდან მიიღებდა. ეს ინფორმაცია ლუჟკოვმა მტკნარ სიცრუედ და ცილისწამებად მიიჩნია.
თავის მხრივ, ინტერნეტგამოცემის მფლობელი, "ნიუს-მედიას" აღმასრულებელი დირექტორი აშოტ გაბრელიანოვი ირწმუნება, რომ გამოცემამ ინფორმაციის გავრცელებისას სანდო წყაროთი იხელმძღვანელა, რის დამტკიცებასაც სასამართლოზე შეეცდება.
ცნობისთვის, "ნიუს მედიასთან" სასამართლოს გზით შეხვედრა ლუჟკოვს 2010 წლის დეკემბერშიც მოუხდა, რაც ყოფილი ქალაქის თავის გამარჯვებით დასრულდა.