22-23 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, კარლ ლამერსი ეწვევა. ლამერსი თბილისში 22 მარტის გამთენიისას ჩამოვა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი კანდელაკი დახვდება.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პირველ შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან, გიორგი ბოკერიასთან გამართავს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ, 16.00 საათზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, კარლ ლამერსის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ლამერსი შეხვედრებს ჯერ პრემიერ-მინისტრ, ნიკა გილაურთან და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, გიორგი ბარამიძესთან გამართავს, ხოლო 18.00 საათზე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
23 მარტს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი როუზ-როსის 76-ე სემინარში მიიღებს მონაწილეობას.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი თბილისს 24 მარტს, გამთენიისას დატოვებს.