საქართველოს სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰენრიკ ლიტვინი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუმარი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
ვიზიტის ფარგლებში შედგა გაფართოებული შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძესთან. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის შესაძლო ვიზიტს საქართველოში. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გასულ წელს მიღწეული პროგრესის მნიშვნელობაზე, პოლონეთის რესპუბლიკის ევროკავშირის მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და არსებული ვითარების მშვიდობიანი გზებით დარეგულირების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჰენრიკ ლიტვინის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში და ეროვნული უშიშროების საბჭოში.
აღსანიშნავია, რომ დღეს გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯონ ბასთანაც გამართა შეხვედრა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და რეგიონში არსებული მდგომარეობა.