რევოლუციის მოწყობა იმ პოლიტიკურ ძალებს უნდათ, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსასვლელად ძალადობის გარდა სხვა შანსი არ აქვთ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
"დაანონსებული და დარეკლამირებული რევოლუციები არ არსებობს. ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებაში უნდა მომწიფდეს. დაანონსება, რომ აპრილში რევოლუციას მოვახდენთ, გამოიწვევს მხოლოდ ერთს - საზოგადოებაში დიდ იმედგაცრუებას, რაც მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში შედის", - აღნიშნა ახვლედიანმა.
დეპუტატმა პარალელი გაავლო 2009 წლის 9 აპრილს გამართულ აქციებთან და განაცხადა, რომ იმ პერიოდში ხელისუფლების რეიტინგი თუ 15-17 %-ს არ აღემატებოდა და ოპოზიციას კი ორჯერ მეტი რეიტინგი ჰქონდა, უშედეგო აქციებისა და ოპოზიციის მცდარი ქმედების შემდეგ იმავე წლის ნოემბერში ხელისუფლების რეიტინგი 45%-მდე გაიზარდა.
"ამის კიდევ ერთხელ თავიდან გაკეთება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ასხამს წყალს და თუ დღეს რაღაც კონკრეტული რეიტინგი აქვს ხელისუფლებას, აქციების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, შემოდგომაზე ორჯერ მეტი რეიტინგი ექნება. ამას რატომ აკეთებენ, არ მესმის, ეს უკვე ლოგიკას აღარ ექვემდებარება", - დასძინა ახვლედიანმა ჯი-ეიჩ-ენთან საუბრისას.
მისი თქმით, რევოლუციის წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც კი "ქრისტიან-დემოკრატები" რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლას არ დაუჭერენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს "ევოლუციურად უნდა მოხდესდა არა რევოლუციურად".
"საქართველოს დამოუკიდებლობის არც ისე დიდი ისტორია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მოგვივიდა შეცდომა და ხელისუფლება ძალადობრივი ქმედებით შევცვალეთ, რასაც ქვეყნის უკუსვლა მოსდევს. ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი ჩართულია ახლა საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცივილიზებული შეცვლა დამკვიდრდეს. ვისაც ეს არ უნდა, ესაა ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც 2%-ზე მეტი რეიტინგი და ხელისუფლებაში მოხვედრის სხვა შანსი არ აქვთ, გარდა ძალადობრივი გზისა, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი.