კონეკტიკუტის შტატის ჰარფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფი, პროფესორ რიჩარდ ფრეუნდის ხელმძღვანელობით, აცხადებს, რომ ესპანეთის სამხრეთით მათ ატლანტიდა აღმოაჩინეს.
ეს ლეგენდარული ქალაქი-კუნძული რამდენიმე ათასი წლის წინ ცუნამიმ წალეკა. ატლანტიდის აღმოჩენის მიზნით, 2009-2010 წლებში მეცნიერებმა თანამგზავრიდან გადაღებული კადრები და წყალქვეშა ტექნიკა გამოიყენეს, სადაც, მათი აზრით, მდებარეობდა ჭაობში ჩაფლული ატლანტიდა. არქეოლოგთა მტკიცებით, მათ რაღაც ისეთი აღმოაჩინეს, რაც აქამდე არავის უნახავს.
გარდა ამისა, მეცნიერებმა ცენტრალურ ესპანეთში მთელ რიგ ქალაქთა სერიულ ნანგრევებს მიაკვლიეს, რომლებიც ატლანტიდის ჩაძირვის შემდეგ გადარჩენილ დევნილებს აუშენებიათ. ფრეუნდის თქმით, კუნძულის მოსახლეობის ნაწილმა, რომლებიც ცუნამს გადაურჩნენ, მატერიკამდე მიღწევა შეძლეს, იქ დამკვიდრდნენ და რამდენიმე ახალი ქალაქი ააშენეს.
ამჯერად მკვლევრები აპირებენ არქეოლოგიური გათხრების გაგრძელებასა და აღმოჩენილი არტეფაქტების დათარიღებას.
ცნობისთვის, პერიოდულად დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ატლანტიდებს რეგულარულად აღმოაჩენენ ხოლმე. კერძოდ, 2009 წლის დეკემბერში წყალქვეშა არქეოლოგებმა კარიბის ზღვის ფსკერზე გადაღებული ფოტოების სერია წარადგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ ფოტოებზე აშკარად ჩანდა ატლანტიდა. უფრო ზუსტად, ფოტოზე შეიძლება პირამიდების გარჩევა, რომლებიც ეგვიპტის პირამიდებს წააგავს.
რამდენიმე თვის წინ კი აფრიკის სანაპიროების ახლოს ერთმანეთის გადამკვეთი ხაზები შენიშნეს, რომელიც ბადეს წააგავდა. ამ "აღმოჩენის" შემდეგ ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ ეს ხაზები ჩაძირულ ქალაქს ეკუთვნოდა. სინამდვილეში, ხაზები ნავის გაცურვის შემდეგ ზღვაზე დატოვებული კვალი აღმოჩნდა.