აგრარული უნივერსიტეტი კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის ბაზაზე კულინარიულ სასწავლო კურსებს ჩამოაყალიბებს, რისთვისაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ულტრათანამედროვე სამზარეულო აღჭურვილობას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა დღეს, ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს.
ხელშეკრულების მიხედვით, კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტის ბაზაზე იხსნება კულინარების მოსამზადებელი კურსები, სადაც სტუდენტები პროფესიას შეისწავლიან თანამედროვე სასწავლო პროგრამით. ეს არის ულტრათანამედროვე აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის გასავლელად. სასწავლო პრაქტიკის გავლისას ძირითადად გამოყენებული იქნება აგრარული უნივერსიტეტის საცდელ სადგურებში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში დამზადებული კერძების დაგემოვნება შესაძლებელი იქნება აგრარული უნივერსიტეტის კაფეტერიაში.
უნივერსიტეტმა ვალდებულება აიღო, რომ ახლად გახსნილ კულინარიული კურსებზე უსასყიდლოდ მოამზადებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს.
"აგრარულ უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან საქმეს. ამ სასწავლებლის კედლებში მომზადდება საქართველოს მომავალი კულინარიული ელიტა. ჩვენს ქვეყანაში ტურისტები მხოლოდ ლამაზი ბუნებისა და უნიკალური კულტურის სანახავად არ ჩამოდიან, მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამზარეულოც. კულინარიული სასწავლო კურსები მოამზადებს პროფესიონალ მზარეულებს. ისინი დასაქმდებიან წამყვან რესტორნებში და მათ საქმეს საქართველოშიც ისევე დააფასებენ, როგორც ეს ხდება უცხოეთში, სადაც კულინარია ტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილების სოციალური მხარე, კერძოდ, ახალი პროფესიის მიღება საზოგადოების ყველა ფენისთვის იქნება შესაძლებელი. ველოდებით დიდ ინტერესს მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეებისგან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ახალი პროფესიის შეძენა აბსოლუტურად უფასოდ. მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ახალ პროფესიას დაეუფლონ აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის კურსებზე", - განაცხადა ვერა ქობალიამ.
კულინარიული სასწავლო კურსების ამოქმედების შესახებ პირველად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შარშან მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, კულინარია ტურიზმის სტრატეგიული დარგია და ახალი ინიციატივა ქართული კულინარიის საზღვარგარეთ გატანას შეუწყობს ხელს.
"აუცილებლად მინდა ვთქვა უნიკალურ სამზარეულო აღჭურვილობაზე, რომელიც დღეს ჩვენ აგრარულ უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გადავეცით. თავის დროზე, იგი შესყიდული იყო პრეზიდენტის სასახლისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა იდეა, ამ სამზარეულოს კულინარიული სასწავლებლისათვის გადაცემის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მოტივი ის იყო, რომ განსაკუთრებით მცირე შემოსავლის მქონე ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის, დევნილებს სახელმწიფოს ხარჯზე მიეღოთ ახალი პროფესია და შემდგომ ეს ცოდნა საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინათ", - აღნიშნა ქობალიამ.