საქართველოში სრული სამედიცინო განათლების მიღებას მხოლოდ 10% ახერხებს. ამის შესახებ ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ ბარათაშვილმა დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიდან მხოლოდ 10% ახერხებს დიპლომის შემდგომ განათლების, რეზიდენტურის გავლას. საქართველოში პოსტდიპლომური განათლება მძიმე მდგომარეობაშია და მისი სიძვირის გამო რეზიდენტურის გავლა უცხოეთში ურჩევიათ", - აღნიშნა ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, რეზიდენტურის გავლის დროს მხოლოდ ერთი მოდულის გავლა თვეში 100-150 ლარი ჯდება, მაშინ, როდესაც სწვალა 2-დან 4 წლამდეა.
ამასთან, ბარათაშვილის თქმით, იმის გამო, ქვეყანაში რეზიდენტურის გავლისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს, პოსტდიპლომური სწავლის შემდეგ მათი კომპეტენტურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რეზიდენტურაში სწავლის დროს არ ეძლევათ პარალელურ რეჟიმში პროფესიით მუშაობის საშუალება, რომ მინიმალური ანაზღაურება მაინც ჰქონდეთ.