ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი წეროვანში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს თავმჯდომარეს - აუდრონიუს აჟუბალისის შეხვდა. ლიტვის დელეგაციამ დევნილთა ჩასახლება დაათვალიერა, წეროვანის სკოლას ესტუმრა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
საგარეო მინისტრი დაინტერესდა დევნილთა დასაქმებით, აქვთ თუ არა მიწები და არიან თუ არა ჩართულები სოფლის მეურნეობაში, რა პროგრამები და პროექტები ხორციელდება მათთვის. დაინტერესდა, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას დევნილი მოსახლეობა. პასუხად კი მიიღო, რომ დევნილი მოსახლეობის უმთავრესი გამოწვევა თავიანთ სახლებში დაბრუნებაა.
სტუმარმა ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც გააჟღერა ჩასახლებების მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით და დაინტერესდა, ახალი ჩასახლებების ხარისხი ერთნაირია თუ განსხვავებული. საგარეო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 3 თვეში ამხელა ჩასახლების მშენებლობა დიდი შრომის შედეგია.
აუდრონიუს აჟუბალისი: „ჩემი მიზანია, ვნახო თუ როგორ ართმევს თავს საქართველოს ხელისუფლება გამოწვევებს და დევნილებს. აქ ვნახე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ დაიხარჯა სერთაშორისო დახმარება. ალბათ, შემდეგში, დევნილთა სხვა ჩასახლებებს მოვინახულებ, სადაც როგორც მითხრეს ასეთი კარგი პირობები არ არის. იმისათვის, რომ გაუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს, გჭირდებათ დრო, სურვილი და პოლიტიკური ნება, რასაც თქვენი მთავრობა ახორციელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ."
„ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს დავათვალიერებინეთ დევნილთა ერთ-ერთი ჩასახლება. ავუხსენით, რა შევძელით 2008 წლის ომის შემდეგ. მინისტრმა ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც გააჟღერა, რაზეც პასუხი გავეცი. გაეცინა, რადგან თავად ნახა დევნილთა რეალური მდგომარეობა. დარწმუნდა, რა არის სიმართლე და ხაზი გაავლო ცილისწამებასა და რეალობას შორის. სტუმრის შეფასებით, უმოკლეს ვადებში სახემწიფომ მართლაც შეუძლებელი შესძლო", _ განაცხადა სუბელიანმა.
მინისტრები დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან და სკოლაშიც მივლენ. სტუმარი დევნილთა ახალ ჩასახლებებს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნობა.
საგარეო მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს