"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ ძალებს, ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ნაცვლად, "სახალხო კრების" გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.
"თუ ვინმეს უნდა "სახალხო კრებასთან" ერთად ბრძოლა, არ გაურიგდება ხელისუფლებას და გულწრფელი იქნება, "სახალხო კრების" კარები მათთვის ღიაა. მათ ამ შემთხვევაში შეეძლებათ იბრძოლონ კრებასთან და ხალხთან ერთად. ყველა ძალას მივესალმებით, ვინც ხელისუფლებას არ გაურიგდება. ოპოზიციურ ძალებს, მოვუწოდებ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ნაცვლად ხალხის გვერდში დადგეს. ჯერ-ჯერობით რასაც ვხედავ ხელისუფლება და ოპოზიციური ძალები ხელს უშლიან კრებას და აბნევენ ხალხს", - განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ "პრაიმტაიმის"პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ბურჯანაძემ ოპოზიციიისა და სააკაშვილის განცხადებები ერთმანეთს შეადარა. " ამ ბოლო დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სააკაშვილის განცხადებები ერთმანეთს გავს. აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი წაგებულ ომზე ამბობდა მოვიგეო. ოპოზიციაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ წაგებულ მოლაპარაკებებზეც ამბობს მოვიგეო. ასევე გამარჯვებად მიიჩნევენ ადგილობრივ არჩევნებსაც, რაც გასაკვირია", - დასძენს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი.