"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობას რევოლუციის გარდა სხვა გზას არ უტოვებს. მისი თქმით, რევოლუციის დროს მათ მსოფლიო მხარდაჭერა ექნებათ.
"ხელისუფლება რევოლუციის გარდა სხვა გზას არ უტოვებს საკუთარ მოსახლეობას. სახალხო კრება მშვიდობიან ქმედებებს გეგმავს და სისხლისღვრის წინააღმდეგია. სისხლისღვრაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. დარწმუნებული ვარ მსოფლიო მხარდაჭერა გვექნება ამ პროცესებში, ისევე როგორც ეგვიპტესა და ტუნისს. ტუნისისა და ეგვიპტის გზა ჩვენ არ აგვირჩევია. არ ვაპირებთ ხალხის თვეობით კვირაობით ქუჩაში დადგომას. ჩვენ ვიმოქმედებთ სწორად და კანონის ფარგლებში", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, "სახალხო კრება" კონკრეტულ ქმედებებს ხელისუფლების შესაცვლელად მაისის დასაწყისისთვის დაიწყებს.
"აღდგომების მერე დაიწყება პროცესი. გეგმას კი მანამდე გამოვაცხადებთ. იქნება დაუმორჩილებლობაც და აქციებიც. როდესაც კრების მიერ შექმნილი კომიტეტები სრულ მზადყოფნაში იქნებიან, ქმედებებიც დაიწყება", - დასძენს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გაზეთ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.