საქართველო იაპონიაში ჰუმანიტარულ ტვირთსაც გაგზავნის. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ანდრეა ურუშაძემ განუცხადა, ქვეყანაში 500 ყუთი სამედიცინო ტვირთი გაიგზავნება.
"მინდა სამძიმარი გამოუცხაო იაპონელ ხალხს, იმ საშინელი ტრაგედიის გამო რაც იქ დატრიალდა. საქართველოს მთავრობა მზადაა დაეხმაროს იაპონელ ხალხს და ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს 500 ყუთი სამედიცინო საშუალებები: შესახვევი და გასაკერი მასალები, ასევე საქართველო მზად არის იაპონიაში სამაშველო ჯუფი გაგზავნოს როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება. ჰუმანიტარული ტვირთის საჭირო თანხა სამინისტრომ საკუთარი სარეზერვო ფონდებიდან გამოყო" - განაცხადა ანდრეა ურუშაძემ.
მინისტრი ამბობს, რომ ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუ როდის გაიგზავნება ტვირთი იაპონიაში, თუმცა აცხადებს, რომ იაპონიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანის კოორდინირებას აშშ-ს მთავრობა ახორციელებს.
დღეს დილით იაპონელ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემაც გამოუცხადა, რომელიც იაპონიის საელჩოში მეუღლე - ნინო ანანიაშვილსა და მოადგილე - ნინო კალანდაძესთან ერთად მივიდა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა იაპონიის დასახმარებლად სოლიდურ თანხას გამოყოფს.
"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იაპონიას სერიოზული თანხა გამოუყოს", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება ქართველ მაშველთა 40-კაციან ჯგუფს, ქვეყნის მთავარი დიპლომატის თქმით, ის იაპონიაში გასამგზავრებლად მზადაა.
"ჩვენ უბრალოდ ველოდებით იაპონური მხარისგან ინსტრუქციას, კონკრეტულად რომელ ქალაქში უნდა მოხდეს ჩვენი მაშველების ჩაფრენა", - აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული იაპონიის დახმარება საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. საქართველოს გარდა იაპონიას დახმარებას 100-მდე ქვეყანა აღმოუჩენს.