"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს სამთავრო დებატებზე დამწვრობის ცენტრის შენარჩუნების პირობას კიდევ ერთხელ დაადებინებენ.
ამის შესახებ დღეს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"ჯანდაცვის მინისტრმა პირობა დადო, რომ დამწვრობის ცენტრის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ 120 საწოლი და მედპერსონალი შენარჩუნებული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მინისტრების განცხადებებს ჩვენ სიფრთხილით ვეკიდებით და სამთავრობო დებატებზე მოვითხოვთ ეს ვალდებულება ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აიღოს", - აღნიშნა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ დამწვრობის ცენტრი ახალ შენობაში გადადის. თერმული დაზიანების ცენტრი რეფერალურ ჰოსპიტალში განთავსდება და თავდაპირველად 120 საწოლზე იქნება გათვლილი. ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ დღეს შენობა დაათვალიერა და კლინიკის თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრის განცხადებით, იმ 70 ექიმს, რომლებიც ამჟამად დამწვრობის ცენტრში მუშაობენ, კონტრაქტები გაუგრძელდებათ და ახალ შენობაში განაგრძობენ მუშაობას.
ამჟამად შენობაში რემონტი მიმდინარეობს და მისი გახსნა, სავარაუდოდ, სექტემბერში იგეგმება.