"ლეიბორისტული პარტიის" შემდეგ ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ნატოს კუთხეების გახსნას "თავისუფალი საქართველოც" აპრიტესტებს.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიებს, მაგრამ მივიჩნევთ, რომ ეს მსჯლობები უნდა იმართებოდეს პოლიტიკოსებს შორის, ვინაიდან საქართველოს ამ ორგანიზაციის ან რომელიმე სხვა სამხედრო ალიანსის წევრობა არის სწორედ პოლიტიკოსების მსჯელობის საკითხი და მას სასწავლო პროცესთან კავშირი არ აქვს", - ნათქვამია კახა კუკავას პარტიის განცხადებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, "თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნატოს კუთხეების გახსნა ხელისუფლების პროპაგანდის ბოლშევიკურ მეთოდს წარმოადგენს, რაც ყოვლად მიუღებელია.
"ჩვენ მივესალმებით ლეიბორისტული პარტიის ინიციატივას სასწავლო დაწესებულებებში, ნატოს კუთხეების ნაცვლად, ქართველი ერვნული მოღვაწეების კუთხეების გახსნის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, შარშან ნატოს საინფორმაციო ცენტრმა ასეთი კუთხე 30 სკოლაში გახსნა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.