კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ სოფელ ვაჩნაძიანში IX საუკუნის „ყველაწმინდის" ეკლესიის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა. სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის ნიკოლოზ ანთაძის განცხადებით, ეკლესიის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.
„ჩვენთვის უცნობია ეკლესიის ჩამონგრევის ფაქტი. თქვენგან გავიგეთ ეს. 2009 წელს ჩვენ გავაკეთეთ ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესიის სრული რეაბილიტაციის პროექტი. წელს უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო ოპერაციები და მალე, გაზაფხულზევე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები", - აღნიშნა ანთაძემ.
გურჯაანის რაიონში მდებარე ვაჩნაძიანის ყველაწმინდის IX საუკუნის ტაძარში სართულთშორისი გადახურვა დიდთოვლობისას ჩამოინგრა. ნაგებობა, რომელიც ქართული არქიტექტურის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, ძლიერადაა დაზიანებული. ეკლესიაში სახურავიდან წყალი ჩადის, დაბზარულია თითქმის ყველა კედელი ჩამონგრევაზეა ჭერი. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა სოფლიდან 8 კილომეტრის მანძილზეა, ტყეში. ტაძრისკენ მიმავალი გზა დახრამულია. ეკლესიამდე ორხიდიანი მანქანით ასვლაც შეუძლებელია. ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.