საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ავღანეთში საერთაშორისო და ამერიკული ძალების მეთაურს, გენერალ დევიდ პეტრეუს შეხვდა.
თითქმის ერთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გენერალმა ავღანეთში დისლოცირებულ ქართულ სამშვიდობო მისიას მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცები "დიდ სამუშაოს ეწევიან".
"საქართველოს პრეზიდენტთან შესანიშნავი შეხვედრა შედგა. მე საშუალება მომეცა მისთვის ყველაფერ იმის შესახებ მომეყოლა, რაც ავღანეთში გაკეთდა... საკმაოდ კვალიფიციური ვარ იმ საკითხში, რომ ქართველი ჯარისკაცების უდიდეს საქმეზე ვისაუბრო. მე მათ ვხელმძღვანელობდი ერაყის ორეპაციების დროსაც, სადაც საოცარი სამუშაოები გასწიეს საკმაოდ რთულ ადგილებში. ახლაც, ყოველდღიურად უდიდეს პროგრესთან გვაქვს საქმე და ეს პროგრესი უკვე შეუქცევადია", - აღნიშნა გენერალმა.
პრეზიდენტ სააკაშვილისა და დევიდ პეტრეუსის შეხვედრა აშშ-ში საქართველოს საელჩოს შენობაში შედგა და მას ქვეყანაში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილიც ესწრებოდა.