პარიზში გამართულ "დიდი რვიანის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლიბიის არასაფრენ ზოლად გამოცხადების შესახებ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
გერმანია და რუსეთი წინააღმდეგ წავიდნენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, მუამარ კადაფის მხარდამჭერი არმიის შესაჩერებლად ლიბიაში ჯარები შესულიყვნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გვიდო ვესტერველეს განცხადებით, აღნიშნულმა ნაბიჯმა, შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკა დიდი ომის წინაშე დააყენოს.
"დიდი რვიანის" მიერ მიღებული კომუნიკეს თანახმად, მუამარ კადაფმა პატივი უნდა სცეს ლიბიელი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს და მოთხოვნებს. კომუნიკეს მიხედვით კადაფმა უნდა დატოვოს თანამდებობა.
"დიდ რვიანსა" და გაეროს უშიშროების საბჭოს ლიბიის არასაფრენ ზოლად გამოცხადებისკენ არაბთა ლიგამ მოუწოდა. როგორც ცნობილია, აშშ და რუსეთი უფრო მეტ დეტალებს ითხოვენ ლიბიის არასაფრენ ზოლად გამოცხადებისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, არაბთა ლიგის გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. "კატეგორიულად ვეწინააღმდგეები სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში. ლიბიის შიდა საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევა", - განაცხადა ლავროვმა.