26 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათიდან 9:30 საათამდე, კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარდება ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქცია - "დედამიწის საათი 2011".
აქციის ფარგლებში მსოფლიოს 193 ქვეყანაში ერთი საათით გამოირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება. აქცია ტარდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით და მისი მიზანია მსოფლიო ლიდერთა მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა.
აქციის მსვლელობისას გამოირთვება ისეთი მნიშვნელოვანი შენობების განათება როგორიცაა სიდნეის საოპერო თეატრი, სან-ფრანცისკოს "გოლდენ გეით" ხიდი, რომის კოლიზეუმი, კუალა ლუმპურის პეტრონასის კოშკები, ნიუ- იორკის ემფაირ სთეით ბილდინგი, ეიფელის კოშკი პარიზში, ბრანდენბერგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში და ა.შ.. 2011 წლის აქციაში მონაწილეობას მიიღებს ათასობით ქალაქი და სიმბოლური მნიშვნელობის ასობით ძეგლი. აქციაში ჩაერთვება მოსახლეობაც, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გამორთავს ელექტროგანათებასა და ელექტროხელსაწყოებს საცხოვრებელ სახლებში.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) - რომელიც დედამიწის საათის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში - და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიზანია, გასული წლის მსგავსად, უზრუნველყოს ამ ინიციატივაში საქართველოს ჩართვა. "დედამიწის საათი 2010"-ის პერიოდში CENN-ის ინიციატივითა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით გამოირთო თბილისის სატელევიზიო ანძისა და ქალაქის მუნიციპალური შენობების გარე განათება.
CENN მოუწოდებს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას, მიიღონ მონაწილეობა ამ გლობალურ ინიციატივაში და გამორთონ ელექტროგანათება 26 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათიდან 09:30 საათამდე.