ხვალ, 15 მარტს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
პარტიის "ჩვენ თვითონ" ლიდერი 09:15 საათზე 1993 წლის 15 მარტს სოხუმზე განხორციელებულ შტურმის დროს გარდაცვლით ხსოვნას პატივს მიაგებს.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის წინ, 1993 წლის 15 მარტს, ღამის 03:00 საათზე, გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ცხრილავდა არტილერიაც. გაგრის დაცემის შემდეგ ეს იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც, საქართველოს სამხედრო შტაბის მონაცემებით, რუსმა სამხედრო ინსტრუქტორებმა დაგეგმეს.
საავიაციო და საარტილერიო შეტევის შემდეგ დილის 05.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. აფხაზური მხრიდან ამ ბრძოლაში, აფხაზური შენაერთების გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციაში გაერთიანებული ქვედანაყოფები, კაზაკები, დაქირავებულები და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა. მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრშეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 15-16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა და მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა.
სოხუმის დაცვას ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული 23-ე ბრიგადის 1-ლი, მე-2, მე-3, და მე-6 ბატალიონების 137 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა და 350-მდე ჯარისკაცი დაიჭრა.