თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია საარსებო მინიმუმის რაოდენობას არარეალურს უწოდებს და ხელისუფლებას მისი გაზრდისკენ მოუწოდებს.
ამ მიზნით დეპუტატი დედაქალაქის ერთ-ერთ სუპერმარკეტს ეწვია და ერთ სულ მოსახლეზე ერთი კვირის მანძილზე საჭირო პროდუქტი შეიძინა. სამუშიას თქმით, ერთ ადამიანზე კალორაჟის მიხედვით დაანგარიშებული სამომხმარებლო კალათის ფასი საარსებო მინიმუმის რაოდენობას არ შეესაბამება.
"არსებული სტატისტიკით, საარსებო მინიმუმი 135 ლარითაა განსაზღვრული. ამ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ვნახეთ, რომ შეძენილი პროდუქტის ფასი 80 ლარს უახლოვდება, მით უმეტეს, რომ აქ არ იგულისხმება ჰიგიენური საშუალებები, წამლები და გადასახადები, რაც ასევე აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის. ჩვენი დაანგარიშებით, საარსებო მინიმუმი ყველაზე ნაკლები, 300 ლარით უნდა იქნას განსაზღვრული",- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
დღეს შეძენილი პროდუქტი საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელს ნინო ხუციშვილს გადასცა.