პარლამენტში ფოტოგამოფენა "მრავალეთნიკური საქართველო" გაიხსნა. ფოტოებზე ასახულია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურა, ტრადიციები, დღესასწაულები და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
გამოფენის გახსნას წინ უძღოდა ფოტოკატალოგის "ევროპელები საქართველოში" გამოცემა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი არსენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
"უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრთან ერთად, გიორგი არსენიშვილი 2009 წლიდან იყო საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ყოფაცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენების ინიციატორი. ამიტომაც დღევანდელი გამოფენა მის ხსოვნას მიეძღვნება", - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა თორდიამ.
მან უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.
ფოტოგამოფენის ორგანიზატორები არიან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი კავკასიაში.
პარლამენტში ფოტოგამოფენა მარტის ბოლომდე გასტანს.