ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომხმარებელი ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლებამოსილი ხდება, ვალუტის გამცვლელი პუნქტისგან ოპერაციის გაუქმება და ვალუტის უკან დაბრუნება მოითხოვოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "მომხმარებელთა უფლების დაცვის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, ვალუტის გაცვლის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში, ვალუტის კურსის ცვალებადობის მიუხედავად მხარეები ვალდებულები არიან დააბრუნონ გაცვლის ოპერაციის დროს ერთმანეთისთვის გადაცემული თანხა და მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ვალუტის გაცვლის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება დასაშვებია იმავე ვალუტის სხვა ნომინალის ბანკნოტებით და მონეტებით.
ვალუტის გამცვლელ პუნქტს ვალდებულება ეკისრება, მომხმარებელს სრული ინფორმაცია მიაწოდოს ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს ვალუტის გამცვლელი პუნქტი ვალდებულია გასცეს ვალუტის გაცვლის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება ვალუტის ოდენობა, გაცვლის კურის და მომსახურების საკომისიო.
ვალუტის გამცვლელი პუნქტი ვალდებულია უზრუნველყოს ვალუტის გაცვლის კურსის და მომსახურების საკომისიოს შესახებ ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას.