წარმომადგენლობითი სახალხო კრების შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელის, მსახიობ გია ბურჯანაძის თქმით, უკანასკნელი 20 წელია, რაც დამოუკიდებელ საქართველოს ვაშენებთ, თუმცა რეალურად მისი თაობის შეცდომების გამოსწორება შვილების პრეროგატივად რჩება.
"თავს ვიტყუებდით, თითქოს ყველაფერი შევძელით. სინამდვილეში, ვერ ავაშენეთ სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ცკ-ის მდივანს უბრალოდ პრეზიდენტი დავარქვით, მილიციელს_პოლიციელი. უმთავრესი კი, რაც შევძელით, ტერიტორიების დაკარვაა, გავაღარიბეთ ქვეყანა. ადრე ვიცოდით, რომ ჩვენი მტერი იყო სსრკ, მართლაც ასე იყო, გავიხსენოთ რა გააკეთეს 20-30-იან წლებში ბოლშებიკებმა, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ბაბუებმა", _ აღნიშნა გია ბურჯანაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, რომელ სამართლიან არჩევნებზეა საუბარი, როცა ბიზნესმენები ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ სპექტრს ვერ აფინანსებენ, ბიზნესი პოლიტიზებულია.
"გავცეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაფერი და მერე მოვითხოვოთ მისგან საპასუხო. მეტყვიან, რამდენი ენერგია გავცეთ, საპროტესტო აქციებზე არაერთხელ ვიდექითო. მეც ვიდექი აქციებზე, მაგრამ ეტყობა, ეს საკმარისი არ იყო. დავიმსახურეთ, რომ კარგად ვიცხოვროთ? ჩვენ ხომ ხელი შევუწყეთ ხელისუფლებას, განეხორციელებინა უსამართლობა. ნება მივეცით, იცუღლუტონ, რომ ამ ხელისუფალმა საკუთარი თავი მიიჩნიოს სახელმწიფოდ", _ აცხადებს ბურჯანაძე და მაგალითად ხალხის პასიურობა მოჰყავს, როცა საზოგადოებამ თვალი დახუჭა თუნდაც ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე.
"პირველი დანაშაულია, როცა უდანაშაულო ბიჭი მოკლეს, ხოლო მეორე დანაშაულია, როცა დანაშაულის "გასაპრავებლად" პოლიციელებმა გარდაცვლილს ავტომატი ჩაუდეს. მაშინ სად იყო საზოგადოების სოლიდარობა?!" _ კითხულობს ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, დღეს ჭადრაკის სასახლეში "სახალხო კრების" სპეციალური ორგანოს _ შეფიცულთა რაზმის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. შეფიცულებთან დაკავშირება და მათგან დახმარების თხოვნა ნებისმიერ მოქალაქეს ცხელი ხაზის მეშვეობით შეეძლება. შეფიცულები მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებენ.