დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი დოდოს რქის ეკლესიის და იქ არსებული საუკუნოვანი ფრესკების დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისია შეისწავლის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოში განუცხადეს, კომისია ამ საკითხის შესწავლას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ეკლესიის დაზიანების ფაქტის შესწავლას გეგმავს საქართველოს საპატრიარქოც. ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელი, ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი აცხადებს, რომ საპატრიარქოს სპეციალისტები დავით - გარეჯში რამდენიმე დღეში ჩავლენ. „სანამ არ ვნახავ ადგილზე რა ხდება, მანამდე სხვას ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
ცნობისათვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა 8 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ დავით - გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე სასულიერო პირებს პროკურატურაში უჩივლებს. ვაჩეიშვილის თქმით, უნებართვო გაწმენდითი სამუშაოების შედეგად კლდეში ნაკვეთი დოდო რქის ეკლესია ისე დაზიანდა, რომ კედლებზე მოხატული საუკუნოვანი ფრესკების აღდგენა ვეღარ მოხერხდება.
დოდოს რქა ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში. VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ.