საწვავზე ფასის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების მოხმარება არ მცირდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2005 წლის შემდეგ საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი მუდმივად იზრდება.
ასოციაციის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყანაში 26 ათასი ტონით მეტი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება ბენზინის იმპორტს, 2010 წელს ის 45 ათასი ტონით შემცირდა 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის ბენზინის იმპორტის მაჩვენებელი 2008 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 3 ათასი ტონით აღემატება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ 2010 წელს ჯამში ორივე პროდუქტის (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტი 20 ათასი ტონით შემცირდა 2009 წელთან შედარებით, თუმცა 2008 წლის მაჩვენებელს ის 56 ათასი ტონით აღემატება.
"ბენზინის იმპორტის შემცირების ძირითადი მიზეზი გახლავთ შემდეგი: რეალურად 2009 წელს ნავთობის მსოფლიო ფასი ძალზე დაბალი იყო, შესაბამისად დაბალი იყო საწვავის ფასებიც. 2009 წლის თითქმის 6 თვის განმავლობაში 1 ლიტრი ბენზინის ფასი შეადგენდა 95 თეთრიდან 1 ლარამდე, მაშინ როცა 2010 წელს ბენზინი 70-80 პროცენტით უფრო ძვირი იყო. შესაბამისად, გაზრდილი ფასის პირობებში მოხდა ბენზინის მოხმარების შემცირება. გარდა ამისა, ბევრი ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება გადავიდა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე მასზე მნიშვნელოვნად დაბალი ფასის გამო. აღსანიშნავია ასევე, რომ ბუნებრივ აირზე გადასვლა ტექნიკურად მხოლოდ ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ"- განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება დიზელის საწვავს, მიუხედავად მაღალი ფასისა, მისი იმპორტი გაიზარდა, რაც განპირობებულია მისი მოხმარების ზრდით. "გაზრდილია სატრანზიტო გადაზიდვები, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მოცულობა; აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები; დაწყებულია კრიზისის შემდგომი ეკონომიკის აღდგენის პროცესი. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მოსაზღვრე სახელმწიფოში - თურქეთში დიზელის საწვავი თითქმის ორჯერ ძვირია ჩვენთან შედარებით. შესაბამისად, აქეთ გადმოსული სატრანსპორტო საშუალებები მაქსიმალური ოდენობის საწვავით კვეთენ საზღვარს უკან.
უნდა აღინიშნოს ასევე, რომ 2010 წელს განხორციელდა კრიზისამდე პერიოდთან შედარებით (2008 წელი) მეტი იმპორტი, როგორც ბენზინისა, ასევე დიზელის საწვავისა."- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.