ხვალ, 9 მარტს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებზე თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები იწყება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ, 7 მარტს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაბამისი წინადადება თავად რუსეთის მხრიდან "წამოვიდა".
"რუსეთისგან მივიღეთ შეთავაზება მოლაპარაკებები დაგვეწყო ფედერაციის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე, რასაც დავთანხმდით. მოლაპარაკებები 9 მარტს, ბერნში დაიწყება", - განმარტა ვაშაკიძემ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს, დელეგაციას კი ნიკა გილაურის მრჩეველი თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება იმას, თუ რა პირობით დათანხმდება საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, ნიკოლოზ ვაშაკიძე დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს. ვმო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს.
ვმო-ს ძირითად მიზანს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს, ხოლო მსი ძირითი პრინციპებია: შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა; - ტარიფების დაფიქსირება გარკვეულ დონეზე, რომლის ზემოთაც ისინი აღარ გაიზრდება, ე.წ. ,,მიბმა". - ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისათვის ,,უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის" მინიჭებას; - ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისათვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით. ამდენად მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია. 1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს.
2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი.